რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები ჯერ არ მომწიფებულა. როგორც სააგენტო Ansa წერს, ამის შესახებ დრაგმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან დრაგიმ თქვა, რომ რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა სთხოვეს, რომ იტალია სამომავლოდ მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი გარანტორი იყოს.
იტალიის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებმა წინ მცირე ნაბიჯებით წაიწია, თუმცა მხარეთა პოზიციები ცოტათი დაუახლოვდა.
პუტინისა და დრაგის სატელეფონო საუბარი 30 მარტს შედგა.
ამასთან პუტინმა უთხრა იტალიის პრემიერ-მინისტრს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა "ნაადრევია"
29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.
უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.
უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.
საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ